pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 244

დემირელის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვა სკოლებში გადანაწილდებიან

დემირელის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვა სკოლებში გადანაწილდებიან
დემირელის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სხვა სკოლებში გადანაწილდებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირობას შექმნის რომ დემირელის სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების სხვა სკოლებში გადასვლის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს.

ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნატა ასათიანმა გააკეთა

მისივე განმარტებით, დემირელის სკოლას ჰქონდა დარღვევები, თუმცა ასევე ჰყავდა ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები.

„რამდენიმე კერძო სკოლასთან სამინისტრო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს და მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ მიიღონ დემირელის კოლეჯის მოსწავლეები და მასწავლებლები. მოლაპარაკებები მალე დასრულდება და უმოკლეს ვადაში ეცნობება ყველა დაინტერესებულ მხარეს“, – თქვა ასათიანმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად დემირელის სკოლამ ავტორიზცია ვერ გაიარა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება გუშინ, 29 აგვისტოს მიიღო. ცენტრის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი ოქმი 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება.

როგორც ცენტრში განაცხადეს, სკოლას გაუვიდა ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა და ამიტომაც თავიდან ჰქონდა განაცხადი შემოტანილი ავტორიზაციაზე. ავტორიზაციის საბჭომ ეს განაცხადი არ დააკმაყოფილა. მათივე ცნობით, სკოლას შეუძლია ეს გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივროს.