pulse.ge newss
  • 0
  • 0
  • 322

ლაშა ტალახაძე - პლანეტის ყველაზე ძლიერი სპორტსმენი - 2016 წლის ადამიანია

ლაშა ტალახაძე - პლანეტის ყველაზე ძლიერი სპორტსმენი - 2016 წლის ადამიანია
ლაშა ტალახაძე - პლანეტის ყველაზე ძლიერი სპორტსმენი - 2016 წლის ადამიანია

გაზეთმა "ბანკები და ფინანსები” საახალწლო ნომერში წლის ადამიანები გამოავლინა. გამოკითხვა 1999 წლიდან ტარდება.

წელს გაზეთის ჟურნალისტთა, მენეჯმენტისა და რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგად, წლის ადამიანად ლაშა ტალახაძე დასახელდა, რომელმაც ოლიმპიადაზე ოქრო მოუპოვა სამშობლოს და თანაგუნდელ ირაკლი თურმანიძესთან ერთად ამაყად დადგა ოლიმპიურ კვარცხლბეკზე. 

გამოკითხვისას მისი თითოეული მონაწილე ასახელებს წლის სამ საუკეთესო პიროვნებას ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებმაც საქართველოში ან საქართველოსთან დაკავშირებულ მოვლენებში, წლის განმავლობაში, განსაკუთრებული როლი შეასრულეს. ქულების შეჯამების შემდეგ დგინდება გამოკითხვის გამარჯვებული და საუკეთესო ოცეული. გამოკითხვის შედეგები ქვეყნდება გაზეთის საახალწლო ნომერში. 

პიროვნებები სიაში დასახელებულნი არიან გამოკითხვისას მიღებული ქულების შესაბამისად.თითოეული ჟურნალისტის და თითოეული რესპოდენტის (სულ 134 გამოკითხული) მიერ დასახელებულ სამ ნომინანტს ენიჭებოდა პირელი ადგილისთვის – 10 ქულა, მეორე ადგილისთვის – 7, ხოლო მესამე ადგილისთვის – 5 ქულა. გამოკითხვის მონაწილეებს ტექნიკური ჯგუფი ამცნობდა, რომ შეეძლოთ სავარუდო გამარჯვებულად, როგორც ერთი ადამიანის, ისე ადამიანთა ჯგუფის დასახელება, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უ ცხოელები.
შარშან რესპოდენტებმა წლის ადამიანებად თბილისში 13 ივნისის სტიქიით მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე მოხალისეები დაასახელეს. 

წელს, დიდი უპირატესობით მოიგო ეს პაექრობა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ. გამოკითხვის მონაწილეებმა დააფასეს მისი ღვაწლი ქვეყნის წინაშე.საჩხერელი ათლეტი მართლაც სწორუპოვარი იყო ამ წელს, როგორც ოლიმპიადაზე, ისე სხვა ასპარეზობებისასაც.

მეორე ადგილი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ერგო. სოციოლოგიუი კვლევების კომპანიები, მედია–ამერიკის და საერთაშორისო, "ტვინის ტრესტები“, ექსპერტები, წარმატებას ერთხმად უწინასწარმეტყველებდნენ დემოკრატ ჰილარი კლინტონს. ტრამპმა ყველა პროგნოზი ყირაზე დააყენა და მსოფლიო გააოგნა.ახლა მარტო ჩვენთვის არ გაცხადდება ჩინური წყევლა – საინტერესო დროში გეცხოვროსო, რომ ამბობს. და მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიის დროინდელი ტრამპი პრეზიდენტის ამპლუაში იგივე, ალბათ, არ იქნება, ბევრი რამ შეიცვლება მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში. ღმერთმა ქნას – სასიკეთოდ!

მესამე ადგილზე ბიძინა ივანიშვილია. მან ნოკაუტით ვერა, მაგრამ აშკარა უპირატესობით დაამარცხა მატჩ–რევანშში მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა საარჩევნო კამპანიაში პირდაპირი ჩართვით, დამატებით 7–10 პროცენტი მოუტანა ნაციონალებს. ივანიშვილმა ზუსტი კონტრთამაშით „ოცნებას“ მერყევი ელექტორატის 13–17 პროცენტი შემატა დაეხმარა რა საზოგადოებას, იმ საფრთხის გაცნობიერებაში, რასაც საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება და რევანში წარმოადგენს. როგორც პოკერის ვირტუოზმა, ისე გაშალა „როიალ ფლეში“ – 4 წლით მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. 

საპატიო მეოთხე ადგილი ხვდა წილად პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და მთავრობის მეთაურს, გიორგი კვირიკაშვილს. ის მეწინავეთა შორისაა. მის პიროვნულ ხიბლსა და ავტორიტეტზე ჯერ–ჯერობით, ლარის დრეიფი უარყოფითად, ფაქტობრივად, არ ასახულა.

სხვადასხვა წელს, 1999 წლიდან მოყოლებული, წლის ადამიანებად „ბანკები და ფინანსების“ გამოკითხვის შედეგად აღიარებულ იქნენ: ედუარდ შევარდნაძე, ნინო ანანიაშვილი, გიორგი კანდელაკი, ილია II (ხუთჯერ), მიხეილ სააკაშვილი (ორჯერ), ზურაბ ჟვანია, გიგა ბოკერია და ბიძინა ივანიშვილი (ორჯერ). 

გთავაზობთ გამოკითხვის ფავორიტთა ოცეულს:

1.ლაშა ტალახაძე

მსოფლიოს ყველაზე ღონიერი და ძლიერი ადამიანი. 

2.დონალდ ტრამპი

ახალ დროში რევოლუციებს მილიარდერები წინამძღვრობენ. 

3.ბიძინა ივანიშვილი

აქვს ჭარბი ნდობა, ჭეშმარიტად. თუ გუნდმა მხარი აუბა და თავად, დამოუკიდებლად გაართვა თავი უსერიოზულეს პრობლემებს, რაც საქართველოს წინაშე დგას, რეალურადაც დისტანცირდება პოლიტიკიდან.

4.გიორგი კვირიკაშვილი

მთელი წელი გონიერი საქართველოს რჩეული იყო. მოსწონდათ მისი სიმშვიდე, ტაქტი, განათლება, ინტელექტი. არჩევნების შემდგომ დროინდელმა ლარის დრეიფმა და დაანონსებულმა არაპოპულარულმა ნაბიჯებმა თითქოსდა გააფერმკრთალა მისი, როგორც მთავრობის და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის იმიჯი. თუმცა, იგი იქნება შედეგიანი პოლიტიკოსი, თუ ამას მოინდომებს და ეკონომიკური გუნდი მხარს აუბამს. არც პოლიტიკური გუნდისადმი მეტი კრიტიკული დამოკიდებულება აწყენდა.

5.ილია II

ქვეყნის სულიერი ლიდერი არა მარტო ჩვენი, მართლმადიდებელი მოქალაქეებისთვის არის შეუვალი ავორიტეტი. მისდამი უპირობი ნდობა არსებობს ქართულ საზოგადოებაში.

6.ზაზა ფაჩულია

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ცენტრი, ბურჯი და კაპიტანი. გასულ წელს ყველა წარმატების სულისჩამდგმელი იყო. NBA–ის საჩემპიონო გუნდის Golden State -ის სასტარტო ხუთეულშია. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია.

7.ირმა ინაშვილი

ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან და ... შენ იმარჯვებ!

8.მაკა ჩიჩუა

კეთილშობილი, მშვენიერი, გულისხმიერი – პრეზიდენტის მეუღლე.

9.ნონა გაფრინდაშვილი

უბერებელი ჩემპიონი. 2016 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა 65 წელს ზემოთ ასაკის ქალთა შორის

10.კახა კალაძე

დიდმა ჩემპიონმა კახა კალაძემ დაამტკიცა, რომ თავად იკეთებს პოლიტიკურ კარიერას. მართალია, ჯერ–ჯერობით, „ პოლიტიკოსების სუპერ–ლიგაში“ ვერ თამაშობს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. 

11.ვარლამ ლიპარტელიანი

წრფელმა ცრემლებმა და მარცხთან შეურიგებლობამ მთელი საქართველოს პატივისცემა მოუხვეჭა.

12.ეკა ბესელია

ადვოკატი უფლებადამცველი გახდა. უფლებადამცველი – პოლიტიკოსი.. ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის პოლიტიკური ლიდერია. გამოცდა 2016 წარმატებით ჩააბარა და ისევ გუნდშია.

13 ირაკლი კობახიძე

რეკორდსმენია – პოლიტიკაში მოსვლიდან ერთი წლის თავზე პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

14.ლევან ლორთქიფანიძე

ნიჭიერი ახალგაზრდა პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი. „აუდიტორია 115“ –ის ერთ–ერთი ლიდერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს თსუ VI კორპუსი.მინისტრმა ჯეჯელავამ სჯობს კომბლესთან და ნაცარქექიასთან ბრძოლას თავი ანებოს და ლევან ლორთქიფანიძეს და მის მეგობრებს მოუსმინოს, თორემ სტუდენტები ქუჩების ოკუპაციასაც შეეცდებიან და ამით დამთავრდება რეფორმები, მათ შორის განათლების რეფორმაც. 

15.რომან გოცირიძე

ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, თქვა ჰერაკლიტემ. ის მესამედ შევიდა.

16.ნიკა გვარამია

შესაძლოა, არ არის მართალი, მაგრამ წარმატებით დაიცვა თავი და არ დათმო „რუსთავი 2“ მთავრობასთან და ქვეყნის ყველაზე გავლენიან მოქალაქესთან დაუსწრებელ ჭიდილში.

17.არჩილ კაიკაციშვილი

ახალგაზრდა ადვოკატების ლიდერი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი პაუაშვილს, ფაქტობრივად, მოუგო პროცესი. ბევრი რეზონანსული საქმის მონაწილე. მებრძოლი და მიზანსწრაფული. 

18.გია ჯაჯანიძე

მასკარადი, რომელიც არ მთავრდება. ბევრი ქილიკის ობიექტია, მაგრამ ყველაზე ყურებადი ტელე–შოუ შექმნა. უნიჭიერესი პიროვნებაა, თუმცა ბევრს არ ესმის მისი ნიჭიერების. ვისაც ტელეეკრანთან დასვენება და გახალისება სწყურია, უყურებს. ვისაც სარკეში ჩახედვის ეშინია, აღშფოთებული მუშტებს უღერებს.

19. მარიკა არევაძე

ახალგაზრდა უფლებადამცველი, იურისტი. უანგაროდ უწევს კონსულტაციას საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას დაზარალებულ მოქალაქეებს. 

20.ნინო მიქიაშვილი

პრინციპული, მართალი, ზნეობრივი პიროვნება და ჟურნალისტი. 2016 წელს გამოსცა წიგნი საქართველოს ეროვნულ გმირზე მერაბ კოსტავაზე – „წინაპრები, მოწამოებრივი ცხოვრება, აღსასრული“.